Monday, January 22, 2007

"2006 წლის ბოლოს თბილისში ჩამოვედი იმისთვის, რომ გეოეართან თანამშრომლობით მუშაობა დამეწყო პუბლიკაციაზე თბილისის ხელოვნებისა და კულტურის შესახებ. როგორც გოეთეს ინსტიტუტის სტუმარს, მითხრეს, რომ ამ პერიოდში გამოფენა გამეკეთებინა. პირველი ნაბიჯი იყო ის, რომ დავლაპარაკებოდი ახალგაზრდა ქართველ მხატვრებს მათი პრაქტიკისა და ნამუშევრების ჩვენების თაობაზე. იმედი მქონდა, რომ პროცესში ბევრ ნამუშევარს ვნახავდი. მალე მივხვდი, რომ ახალგაზრდა ხელოვანთა ნამუშევრების ნახვა თუ გინდა, ან კატალოგი და ჟურნალი უნდა ნახო, ან სახლში უნდა ეწვიო. ეს თბილისში უკვე ჩემი მესამე ვიზიტი იყო და სამწუხაროდ, არცერთხელ მომეცა საშუალება, რომ ცოცხალ მხატვართა ნამუშევრები საგამოფენო კონტექსტში მენახა. თუმცა, არსებობს რამდენიმე ძალიან საინტერესო ინიციატივა, კოლექტივი და ადამიანი, ვინც ცდილობს ამ მდგომარეობის შეცვლასა და საკუთარი ნამუშევრების განვითარებაზე მუშაობს. გამიმართლა, რომ გეოეარის საშუალებით შევხვდი ბევრ ხელოვანს და რომ პროექტ 'Georgia Here We come'-ის საშუალებით 2006 წლის გაზაფხულზე მივიღე გარკვეული ცოდნა საქართველოს სახელოვნებო კონტექსტის შესახებ.

თბილისში ბევრი მუზეუმია, უმეტესობა მათგანს გააჩნია არაჩვეულებრივი კოლექცია, ლამაზი შენობა, ბევრი თანამშრომელი და ძალიან ბევრი თავისუფალი სივრცე. ასევე, არსებობს რამდენიმე კერძო გალერეა. ამათგან ექსპერიმენტებისთვის სივრცეს არცერთი სთავაზობს ახაგაზრდა თანამედროვე ხელოვანებს იმიტომ, რომ არ კეთდება აქცენტი თანამედროვე ხელოვნებაზე და სივრცე ხელუხლებელი რჩება. რამდენიმე შედარებით დიდი მუზეუმი რემონტდება. თბილისში რემონტი სხვადასხვაგვარად შეიძლება განიმარტოს: რუსთაველზე მდებარე ეროვნული მუზეუმი ნამდვილად რემონტდება, ახალი კედლები, ახალი იატაკი, ახალი განათება, ახალი განაწილება. ასევე, ეს შეიძლება ნიშნავდეს მუზეუმის ნაწილის დაკეტვას და მის გამოუყენებლად დატოვებას დიდი ხნის განმავლობაში. ერთადერთ 'ცოცხალ' საგამოფენო და ვორქშოპების სივრცეს წარმოადგენს ისეთი უცხოური ინსტიტუტები, როგორებიცაა ბრიტანეთის საბჭო და გოეთეს ინსტიტუტი. თუმცა, მათი პოლიტიკა საკუთარი სპეციფიკური კულტურის ხელის შეწყობაა, შესაბამისად აქ მუშაობის საშუალება ძირითადად იმ ხელოვანებს აქვთ, ვინც დიდი ბრიტანეთიდან თუ გერმანიიდან არიან.

ქალაქის მუზეუმებში ბევრი თავისუფალი სივრცეა. ბევრი გეგმა არსებობს თბილისში თანამედროვე ხელოვნების სივრცის განვითარებისთვის, თუმცა, შენობები ალბათ, დიდი ხნის მანძილზე ცარიელი დარჩება. ქალაქის გამგეობის, მთავრობის და ინსტიტუტების ნაწილის სურვილის გარეშე, ძალიან ძნელია, რომ ხელოვანებმა გააგრძელონ ჩამოყალიბებული ინიციატივები იმისთვის, რომ განახორციელონ სერიოზული პროექტები ფინანსური მხარდაჭერის გარეშე. ამასთან დაკავშირებით არსებობს გაღიზიანება და დისკუსიები, თუმცა, სახსრების არარსებობის და ერთად მუშაობის სირთულის გამო, ის ადგილი, სადაც უნდა მოხდეს ჩვენება, შეხვედრა და დისკუსია, ჯერ კიდევ შორს არის. მთავრობისგან მხარდაჭერა ან სახელოვნებო ბაზარი თითქმის არ არსებობს.

ფუნქციური საპრეზენტაციო სივრცის არარსებობის საპირისპიროდ, არსებობს რამდენიმე საინტერესო ჟურნალი, რომელიც ყურადღებას ამახვილებს თანამედროვე ხელვნებაზე, ფოტოგრაფიაზე, დიზაინზე, მოდაზე, მუსიკაზე, არქიტექტურასა და ლიტერატურაზე - ანაბეჭდი, ცხელი შოკოლადი, AIRL-ის ჟურნალი და Loop'A. ხელოვანებსა და დიზაინერებს ჟურნალები ჩვენების ალტერნატიულ გზას სთავაზობენ. პირველი სამი ჟურნალი მხოლოდ ქართულ ენაზეა, სამწუხაროდ, მათ ვინც ქართული არ იცის, გაუჭირდება საქართველოს თანამედროვე ხელოვნების კონტექსტის შესახებ ინფორმაციის მიღება.

გოეთეს ინსტიტუტში ამ სიტუაციის ჩვენება მინდოდა. გამოფენის შექმნისას სირთულეები შემხვდა. ლადო დარახველიძესა და გიორგი ტაბატაძესთან ერტად ვიმუშავე ინსტალაციაზე, რომელიც ეფუძნებოდა ხელოვანის მიერ ნამუშევრის შექმნისა და საგამოფენო სივრცის ნაკლებობის რეალობას. სივრცე კლასიკურ მუზეუმად და ორ პატარა მუზეუმად დავყავით. კლასიკური სივრცეში წარმოდგენილი იყო თბილისის ძირითადი მუზეუმებისა თუ სახელოვნებო სივრცეების ინტერიერის ფოტოები. პატარა მუზეუმებში, ლადო დარახველიძემ და გიორგი ტაბატაძემ წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები ისე, როგორც ისინი შეიძლება რომ იყოს დანახული. ამ გამოფენაზე მუშაობით, მე საქართველოს რეალობას შევეჯახე. აქამდე არ მესმოდა რას ნიშნავს ბიუროკრატიასა და იერარქიასთან საქმის დაჭერა. სხვანაირად აზროვნება გჭირდება იმისთვის, რომ მოკლე დროში განახორციელო გამოფენა. ეს გერმანიის გოეთეს ინსტიტუტის ფარგელბშიც კი ძნელი აღმოჩნდა. ყველაზე პატარა რაღაც რომ გაკეთდეს, მთა და ბარი უნდა შეძრა. გამოფენის გასაკეთებლად მოწვევა კი არსებობდა, მაგრამ მისი განხორციელების სურვილი თითქოს არსად იყო. გამოფენის აწყობა რომ დავიწყეთ, გასაგები გახდა, რომ ინსტიტუტს ფორმალური გამოფენა აინტერესებდა, ჩარჩოში ჩასმული სურათები, ქანდაკება, არავითარი ხმა, არავითარი ალიაქოთი, არაფერი განსაკუთრებული. მცირე ბიუჯეტით, კარგი კონცეფციით, არსებული სივრცითა და თანამშრომლობით, სასწაულის მოხდენაა შესაძლებელი. კარგი კონცეფციით, არსებული სივრცით, პატარა ბიუჯეტითა და სურვილის არმქონე დირექტორით, ყველაფერი ბევრად უფრო ნელია და მეტ ენერგიას მოითხოვს, შემოქმედებითი პროცესიც აქ ჩერდება.

ამავდროულად, თბილისის ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები დაინტერესებულნი და საინტერესონი არიან.
გამოფენასა თუ ღონისძიებაზე ბევრი სტუმარია, დაინტერესებულია მედია და ცოცხალ დისკუსიას აქვს ადგილი. ჩემთვის ეს იმის მაჩვენებელია, რომ თანამედროვე ხელოვნების სივრცე მნიშვნელოვანია და ის იმუშავებს. თუ ამ პოტენციალსა და ბევრ ჯერ გამოსაჩენ ნამუშევარს გავითვალისწინებთ, გაუგებარია ასეთი სივრცე უკვე რატომ არ არსებობს. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ თუ ქალაქის გამგეობა გამოუყენებელ შენობას გასცემს, ის ადვილად შეიძლება გარდაიქმნას."

როშელ ჰეიმანის ტექსტი.