Monday, October 31, 2011
„გასახდელი / სამოსი“ - ელიზაბეტ უაითი, ენ ელიზაბეტ მური, აშშ
კურატორი: ნინი ფალავანდიშვილი
პროექტი ჩატარდა "არტისტერიუმი", თბილისის საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნების გამოფენის ფარგლებში
31 ოქტომბერი-10 ნოემბერი, 2011
 
ენ ელიზაბეტ მური და ელიზაბეტ ვაითი არიან ამერიკელი ხელოვანები, რომლებიც პერიოდულად ერთად მუშაობენ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებულ პროექტებზე ისეთ რეგიონებში, სადაც დიდი ეკონომიკური ან პოლიტიკური ცვლილებები მიმდინარეობს. თბილისში წარმოდგენილი პროექტი აერთიანებს მათ ორ წინა პროექტს, რომლებიც ეხება ქალის როლს, მის გარეგნობას და შრომას საერთაშოისო ქსოვილებით ვაჭრობასა და მოდის ინდუსტრიაში. “გასახდელი / სამოსი” წარმოდგენილი იყო აბრეშუმის მუზეუმის მშვენიერ შენობაში, რომელიც ადრე სახელმწიფოს მმართველობის ქვეშ იყო, ახლა განახლების პროცესშია, თუმცა, აბრეშუმის წარმოების ინდუსტრიის განახლება არ ხდება. სწორედ საზოგადო აღიარებასა და ეკონომიკურ განვითარებას შორის ამგვარი უთანხმოება წარმოადგენდა დაკვირვების საგანს პროექტში “გასახდელი / სამოსი.”
 
“გასახდელი” (2006) იკვლევდა ადამიანის პირად, სოციალურ და ფსიქოლოგიურ კავშირს ტანსაცმელთან მიმართებაში. შეერთებული შტატების კულტურაში ქალებს ეკისრებათ ჩაცმასთან დაკავშირებული საკითხების კარგად ათვისება, როგორ უნდა გამოიყურებოდნენ, იარონ საყიდლებზე და ა.შ. სადაც არ უნდა მოვხვდეთ ქალის ტანი ყველგან განიხილება, როგორც ტერიტორია, რომელზეც სოციალური სტატუსი, პიროვნულობა და მორალური მახასიათებლებია ასახული. აქედან გამომდინარე სურვილი საკუთარი თავის წარდგენისა ისე, როგორც გვინდა რომ აღქმულები ვიყოთ, განსაზღვრავს ჩვენს გარეგნულ სახეს და ქმნის გრძნობას, თითქოს შეგვწევს ძალა ვმართოთ სისტემა, რომელზეც ნაკლებად შეგვიძლია გავლენის მოხდენა. ჩვენი იმედების და შიშების გამაერთიანებელი გასახდელი ოთახი თანდათან იქცევა სივრცედ, სადაც ძალაუფლების ძიების პროცესი გადაიზრდება საკუთარი თავის შესწავლის განმეორებად პროცესად. განვიხილავთ რა ჩვენს თავებს სხვისი მზერის ობიექტებად, ამ პირადულ სივრცეში ჩვენ ვსაზღვრავთ რა იქნება ჩვენი საჯარო გარეგნობა, სადაც ჩვენ ერთდროულად მაყურებლებიც ვართ და თავად პერსონაჟები, ვისაც უყურებენ. საკუთარი თავის დამაკმაყოფილებლად წარმოჩენის სურვილზე მიუთითებს უხერხული და მუდმივი პროცესი ტანსაცმლის შერჩევისა. წარმოდგენილი ორი ვიდეო, რომელიც ცალ-ცალკე არის გადაღებული, ხაზს უსვამდა განსხვავებას პიროვნების ნამდვილ ბუნებასა და მის გარეგნობას შორის და ეწინააღმდეგებოდა მაყურებლის პრივილეგიას დაიკმაყოფილოს თავისი ვოიორისტული მისწრაფებები.
“გასახდელი” ნაჩვენები იყო ნიუ იორკის ვიზუალური ხელოვნების გალერეაში.

“სამოსი” (2010) ენ ელიზაბეტ მურმა შექმნა Leipziger Baumwollspinnerei-ს (ლეიფციგის ბამბის სართავი ქარხანა) რეზიდენციაში, ერთ დროს მსოფლიოს ყველაზე დიდ და ძველი ქსოვილის მწარმოებელ ქარხანაში. ძველი რადიკალური სოციალური წყობის ორგანიზების მომსწრე და ამ სფეროში გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში ერთგვარმა სამოთხემ, Baumwollspinnerei-მ მძიმე დარტყმა მიიღო ბერლინის კედელი დაცემის შემდეგ, თანამშრომლების უმრავლესობას მოუწია სამსახურის დატოვება. ამ დროს მან საბოლოოდ შეწყვიტა წარმოება და კარი გახსნა ხელოვანებისთვის და გალერეებისთვის. მიუხედავად ამისა, 1989 წელს ადგილობრივი მოთხოვნა არც ქსოვილზე და არც მისგან წარმოებულ ნედლეულზე არ შემცირებულა. ამის შემდეგ გერმანია შეუერთდა საერთაშორისო პოლიტიკურ შეთანხმებას ქსოვილის წარმოებასთან დაკავშირებით, რომელსაც “მულტი-ქსოვილური შეთანხმება” ეწოდებოდა, რომლის მიზანი იყო მსოფლიოს ყველაზე ღატაკი ქვეყნებისთვის მიეცათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ მომგებიან ინდუსტრიაში. დღეს უკვე, მიუხედავად იმისა, რომ ამ შეთანხმებას ვადა გაუვიდა, ადგილობრივი სარგებლიანობა განმტკიცდა, კამბოჯელი ქალები აკეთებენ მაისურებს და ჯინსებს ამერიკისთვის და გერმანიისთვის (და არამარტო) ძალიან რთულ სამუშაო პირობებში. წარმოდგენილი ვიდეო ასახავს ენ ელიზაბეტ მურის ხანგრძლივ პერფორმანსს, რომელიც 34 საათი და 36 წუთი გრძელდებოდა და შემცირებულია 1 საათამდე. ვიდეოში იგი ხელით არღვევს ორ ჯინსის შარვალს, სათითაოდ შლის მათ ნაწილებად ძველი ტექსტილის ქარხნის თანამედროვე პირობებში. ეს ნამუშევარი ერთგვარი მედიტაციაა კაპიტალიზმზე, ერთიანობაზე, დაკარგვაზე და გამძლეობაზე.
 
“სამოსი” ნაჩვენები იყო ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში; გერმანიის Leipziger Baumwollspinnerei-ში; კამბოჯაში - პნომ პენის ‘მეტა ჰაუზში’ და ჩიკაგოს უნივერსიტეტის DoVa Temporary-ში. ვიდეო ასევე ნაჩვენები იყო “ჩვენს დემონებში” საუნივერსიტეტო სახელოვნებო ასოციაციის კონფერენციაზე ნიუ იორკში 2011 წელს.
 
ელიზაბეტ უაითი და ენ ელიზაბეტ მური იყვნენ გეოეარის რეზიდენციის სტუმრები 2011 წლის ივლისში.