Friday, April 1, 2016
დევიდ ბერჟე გეოეარის რეზიდენციაში მოწვეული იყო პროექტის თბილისის ჭადრაკის სასახლე ფარგლებში და სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნა Walk Piece.

2008 წლიდან მოყოლებული დევიდ ბერჟე მუშაობს უხმო ნამუშევრებზე Walk Piece, რაც მისთვის ფოტოგრაფიის ერთგვარი ფორმაა - ეს არის ფოტოგრაფია კამერის ფიზიკური აპარატის გარეშე. ამ ნამუშევრებში დაახლოებით 100 წუთის განმავლობაში იგი სიჩუმეში უძღვება ადამიანების პატარა ჯგუფებს (მაქსიმუმ 6 ადამიანი ერთ ჯგუფში) ქალაქის ურბანულ გარემოში. მაყურებლებს ეძლევათ შესაძლებლობა განზე გაუდგნენ დროის ყოველდღიურობის მნიშვნელობას და შეგრძნებას.

როგორც სათაური მიანიშნებს, სეირნობა ამ ნამუშევრის არსობრივი მოქმედებაა და სეირნობის შედეგად ხდება ქალაქის, მისი შრეების და საჯარო სივრცის გააზრება და მის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ეს არის გამოცდილება სიჩუმეში, რომლის დროსაც მონაწილეები წყდებიან მათი ყოველდღიური რუტინის სიჩქარეს და სანაცვლოდ აღმოჩნდებიან უჩვეულო მდგომარეობაში, სადაც 90-წუთიან სიჩუმეში სეირნობას ენიჭება გასული და ახლანდელი დროის სიმბოლური მნიშვნელობა, დრო როგორც ისტორიის, სიცოცხლის, ცვლილებების და შესაძლო მომავლის ნაკვალევი.

კერძოდ, სეირნობა თბილისში და თბილისის ჭადრაკის სასახლის პროექტის კონტექსტში აღსანიშნავია, რომ ზემოთხსენებული შენობის „აღმოჩენა“ და მასთან შეხვედრა შესაძლებელია მხოლოდ ფეხით მოსიარულეთათვის, რადგან ის პარკში მდებარეობს და მოწყვეტილია სამანქანო მოძრაობას. ამიტომ, სეირნობის, როგორც უგულვებელყოფილი მოქმედების ხელშეწყობა და სეირნობის შედეგად ქალაქის საჯარო სივრცის და დამალული ადგილების მრავალფეროვნების აღმოჩენა ნამუშევრის არსებითი ნაწილებია.

იმის მეშვეობით, რომ სეირნობა თბილისში-ს დროს მონაწილე მიემართება, გაივლის და შემოუვლის თბილისის ჭადრაკის სასახლეს, მას ეძლევა შესაძლებლობა შეიგრძნოს სივრცე, განიცადოს დრო და დაფიქრდეს ამ შენობის სიცოცხლის სხვადასხვა ასპექტებზე, ისევე როგორც მის საჯარო თუ კერძო მხარეებზე და ამაში ადამიანების ჩართულობაზე. მაშინ როდესაც მონაწილეები სეირნობენ ქორეოგრაფიულად ზუსტად დადგმული და მკაცრად გათვლილი მარშრუტის მიხედვით, ისინი აცნობიერებენ თბილისის ურბანული ქსოვილის შრეებს, რომლებიც გამოიხატება არქიტექტურული სტილების, განსაკუთრებით დეტალების მრავალფეროვნებაში. განსაკუთრებით ისეთ დეტალებში, როგორებიც არიან გამვლელები, ქუჩაში მომუშავე ადამიანები და ყველა(ფერი) ის, რაც ქმნის ქალაქის რიტმს და შიეძლება შეიცვალოს სეირნობიდან სეირნობამდე. ეს არის სიჩუმეში მიღებული გამოცდილება, რომელიც იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას გახდე დამკვირვებელი, გამოხვიდე ყოველდღიურობის განმარტოებიდან და გახდე საჯარო სივრცის ნაწილი.

იმისთვის, რომ ნამუშევრისთვის მიგვენიჭებინა გრძელვადიანი ხასიათი, სეირნობა თბილისში შეიქმნა ადგილობრივ პერფორმანსის ხელოვანთან - ნადია წულუკიძესთან თანამშრომლობით, რომელიც გაუძღვება გეოეარის მიერ პროექტის თბილისის ჭადრაკის სასახლე  ფარგლებში შემოთავაზებულ სეირნობებს.

 
დევიდ ბერჟე მუშაობს ფოტოგრაფიის დარგში, თუმცა მისი შემოქმედება არ ემსახურება დაფიქსირებას და თითქმის არამატერიალურია.
 
მისი ნამუშევრები ეხება ურბანული სივრცის, განაშენიანებული გარემოს და ცვალებადი ტერიტორიების ფიზიკურ მდგომარეობას. შესაბამისად, მისი შემოქმედება წინ წამოწევს ისეთ ფორმატებს, რომლებიც არ არის საგანზე ორიენტირებული. ამის მაგალითი შეიძლება იყოს Walk Pieces ჩუმი ნამუშევრები, ხანგრძლივი ფოტო ინსტალაციები და სლაიდშოუები.
2005 წლიდან იგი ცდილობს შექმნას შესამჩნევი და ხელშესახები მოძრაობა. Walk Piece ნამუშევრის ფარგლებში სეირნობისას სხეულების მოძრაობა, რომლებიც ჩუმად გადაადგილდებიან ურბანულ ქსოვილში, ლე კორბუზიეს 1911 წლის Voyage d’Orient მოგზაურობის გამეორება და ბოლო დროის ნამუშევარში Wearing Space ხელოვანების, არქიტექტორების და არტეფაქტების გადაადგილება თავშესაფრის ძიებისას.
მისი ნამუშევრები ნაჩვენებია მრავალ საერთაშორისო სახელოვნებო ცენტრში, როგორებიცაა: Extra-City kunsthal, ანტვერპენი (2016, 2015); CAC, ვილნიუსი (2015); NETWERK თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, აალსტი (2012, 2015); Maison Particulière, ბრიუსელი (2014), Kunsthaus Muerz, მუერცცუშლაგი, (2012); The Body Arts Laboratory Gallery, ტოკიო (2012); SALT, სტამბოლი (2011); Goethe Institut, ნიუ-დელი (2011); TanzQuartier Wien, ვენა (2010).  
 
დევიდ ბერჟე ცხოვრობს და მუშაობს ბრიუსელსა და ათენში.