Wednesday, November 26, 2014

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების კულტურის ცენტრი.
ვაჟა-ფშაველას გამზ. #43 (შესასვლალი რუსთავი 2 შენობის მხრიდან)
II სართ. ე.წ. წერეთლის დარბაზი 

მხოლოდ ერთი დღით, საქართველოს პროფ(ესიული) კავშირების გაერთიანების კულტურის ცენტრში ნაჩვენები იქნა სხვადასხვა სახის სამუშაო მასალა ავტორების პირადი არქივებიდან, დოკუმენტები თუ ესკიზები, ჩანახატები, კატალოგები და ფოტო მასალა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მასალა დემურ ბაშალეიშვილის, რადიშ თორდიას, იდენ ტაბიძის, საურმაგ ღამბაშიძის, გიორგი ჩახავას, კუკური წერეთლის პირადი არქივებიდან და ასევე, გეოეარის, ზურა დუმბაძის, ნიკა კაპანაძის, ალექსი კედელაშივილის და ნინო სირაძის ფოტო მასალა.

ასევე, გაიმართა პუბლიკაციის პრეზენტაცია, სადაც შესული იყო თბილისის სხვადასხვა „საჯარო” სივრცეში განლაგებული მონუმენტურ-დეკორატიული მოზაიკის კვლევა და დოკუმენტაციის ძირითადი ნაწილი.

ჩვენი ინტერესი მონუმენტურ-დეკორატიული მოზაიკისადმი განაპირობებულია ბოლო 20 წლის განმავლობაში საჯარო სივრცეში მიმდინარე ინტენსიური ცვლილებებით. ურბანული გარემოს უსისტემო ტრანსფორმაციამ, არაპროფესიონალების მიერ წარმოებულმა ჩარევებმა ქალაქის სახის ჩამოყალიბებაში, ფასადურმა „შელამაზებებმა,” შედეგად მოიტანა საჯარო სივრცეში არსებული საბჭოთა პერიოდის მოზაიკების განადგურება.
სწორედ ეს გახდა მიზეზი ამ ობიექტების დოკუმენტაცია/აღრიცხვისა და ელექტრონული რუკის შექმნისა, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ აქ: Soviet Period Mosaics in Tbilisi.

ინტერვიუ თემაზე სამხატვრო აკადემიის რადიოში თამარ თამთა შავგულიძესთან. 

პუბლიკაციის შესაძენად, ჷთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: info@geoair.ge

"თბილისის დაკარგული გმირები. საბჭოთა პერიოდის მოზაიკები" განხორციელდა პროექტ სივრცეების (SPACES) ფარგლებში. პროექტი დაფინანსდა ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთის პარტნიორობის კულტურის პროგრამის მეშვეობით.