Tuesday, August 30, 2016

პაულა დურინოვა არის დოკუმენტალისტი, ფოტოგრაფი და ჟურნალისტი სლოვაკეთიდან. მისი ნამუშევრები ძირითადად ეხება ადამიანებს, ავტორთან დაკავშირებულ ადგილებსა და თხრობას. პოსტსაბჭოთა ადგილები, სოციალური საკითხები, რელიგია, შინაგანი სამყარო, გონებრივი საზღვრები თუ სიზმრები, ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც ის სხვადასხვა მედიის საშუალებით მუშაობს.

პაულა დურინოვამ დაამთავრა სამხატვრო აკადემია ბანსკა-ბისტრიცაში (სლოვაკეთი) და შემდეგ, სწავლობდა ლიუბლიანას (სლოვენია) თეატრის, რადიოს, ფილმისა და ტელევიზიის აკადემიაში. 2011 წელს მან დაარსა Living Documentary Association, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის უფლებებზე, ხელოვნებაზე, მოდაზე, საჯარო სივრცეებსა და არქიტექტურაზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციებთან. მათი ორგანიზებით იმართება დოკუმენტური ფილმების საჯარო ჩვენებები და დისკუსიები ავტორებთან.

თბილისში, გეოეარის სახელოვნებო რეზიდენციაში ორი თვის განმავლობაში (სექტემბერი და ოქტომბერი, 2016) პაულამ იმუშავა გეოეარის მიმდინარე პროექტის ფარგლებში, რომელიც თბილისის ალტერნატიულ ტურებსა და გიდს ეხება. პაულამ შექმნა მოკლემეტრაჟიანი ფილმი „გადასვლა“.

არსებობს ადგილები, სადაც ხშირად გადავდივართ. მიწისქვეშა გადასასვლელში კიბით ჩავდივართ ან ლიფტით ხიდზე ავდივართ. საიდანღაც, შორიდან მანქანების სიგნალი გვესმის, არ ვიცით, რომ ვიღაც გვიყურებს. ჩვენ ჩავუვლით სიცოცხლეს, შეუმჩნეველ მეგობრობას თუ ტანჯვას, გავიგონებთ საკერავი მანქანის ხმას, სიმღერას ან ხმამაღალ ამოსუნთქვას. ეს სიცოცხლე მიწაზე არ მიმდინარეობს.

ფილმის „გადასვლა“ საჯარო ჩვენება მოეწყო 2017 წლის 27 ოქტომბერს ხიდზე, რომელიც აკავშირებს ნუცუბიძის პლატოს I მიკრო რაიონის I, II და III კორპუსებს.

ასევე, 2017 წლის მაისში ფილმი ნაჩვენები იყო საერთაშორისო ფესივალ CinéDOC-Tbilisi ფარგლებში.

პაულა დურინოვას რეზიდენცია გეოეარსა და KAIR-ს შორის მიმდინარე რეზიდენციების გაცვლითი პროექტის ნაწილია, რომელსაც ფინანსურად მხარს უჭერს Creative Industry Košice და Slovak Arts Council. ასევე, რეზიდენციის ამ პროექტს ფინანსურად მხარს უჭერს ECF STEP Beyond.