Saturday, September 25, 2010
სალონი თბილისი ბერლინი
25.09.2010
აბრეშუმის მუზეუმი
 
რა ხდება, როდესაც გეპატიჟებიან სუფრაზე, მაგრამ მალე ხვდები, რომ რაღაც უცნაურ გარემოს აქვს ადგილი? პირველი შეხედვით თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივად გამოიყურება. თამადა სტუმრებს ეპატიჟება, ქალები სუფრას აწყობენ, სტუმრები მაგიდასთან სხდებიან... მაგრამ რატომ ესვრიან ქალები ერთმანეთს უცნაურ მზერას? კარი ჩაეკეტათ? რას ეჩურჩულებიან ერთმანეთს? თამადა ამ ყველაფერს მხოლოდ ღიმილით შესცქერის. როდესაც იგი პირველი სადღეგრძელოს სათქმელად დგება, მთელი საღამო სხვა ელფერს იძენს. არავის ესმის მისი, თითქოს უცნაურად ბუტბუტებდეს. 7 ქალი კი მის გვერდით დგას, იღიმის და ეშმაკურად აქნევს თავს. ნელ-ნელა ისინი თავიანთ თავზე იღებენ სუფრის გაძღოლას. 
როდესაც უერთდები სალონს თბილისი ბერლინი, საიდუმლო საზოგადოების წევრი ხდები. 14 ქალმა ერთად მოიყარა თავი, რათა შეეცვალათ სამყარო, რომელშიც ცხოვრობენ. ნელ-ნელა ისინი საზოგადოების სხვადასხვა სფეროში აღწევენ და ერთმანეთს გზავნილებს თავიანთი ქვეყნის საზღვრებს მიღმა უგზავნიან. დააკვირდი მათ ნიშნებს შენ გარშემო – ქუჩებში ქალები პატარა ჯგუფებად დგანან და ჩურჩულებენ, ყანწები ყველგან ქრება, კაცები კარგავენ თავიანთ ხმას და ყველგან უცხო ნიშანი ჩნდება. იქნებ, ეს მხოლოდ უცნაური დამთხვევაა? შესაძლებელია, მაგრამ ყურადღებით დააკვირდი და უსმინე, სალონი თბილისი ბერლინი მალე გახსნის თავის კარს ანდა, შესაძლოა, იგი უკვე გაიხსნა შენ გვერდით.
 
რას წარმოადგენს სალონი თბილისი ბერლინი? 
სალონი თბილისი ბერლინი იყო ინტერდისციპლინარული პერფორმატიული პროექტი, რომელიც 2010-2014 წლებში რეგულარულად ტარდებოდა თბილისსა და ბერლინში. 
პირველი პერფორმანსის დევიზი იყო „შეხვედრა და შეჯახება.” 
ინტერდისციპლინარული პერფორმატიული პროექტის ფარგლებში გაიმართა სუფრა, რომელსაც საკუთარი თამადა ჰყავდა. 14 ხელოვანმა ქალმა თავად ითამადა, რითაც დაეუფლება ამ მამაკაცურ სამფლობელოს და გაუძღვა სუფრას. ეს არის პერფორმატიული და წერითი (ლიტერატურული) პროექტი ქალურ იდენტურობაზე, კლიშეებსა და სტერეოტიპებზე, რომელთაც ვუპირისპირდებით საზოგადოებაში. ეს, ასევე, იყო ერთგვარი ლაბორატორია ხელოვანთათვის, რომლებიც თავიანთი ქვეყნის საზღვრებს გარეთ ერთობლივად ჩაატარებდნენ ექსპერიმენტს, რათა ენახათ რა აერთიანებთ და განასხვავებთ მათ ერთმანეთისგან.
 
ყოველ 2 თვეში ერთხელ 14 ქალი წერდა თავისუფალ, ასოციაციურ ტექსტს დაფუძნებულს ქართული სადღეგრძელოს თემაზე (ოჯახი, სახლი, მშვიდობა, მანდილოსანი და ა.შ.). ეს ტექსტები შემდგომ ითარგმნებოდა და წარმოდგენილი იყო ,,სუფრის” პერფორმანსზე თბილისსა და ბერლინში. ქალები საკუთარ თავზე იღებდნენ თამადის ფუნქციას და წარადგენდნენ როგორც თავიანთ, ასევე, სხვა ქვეყნის ქალთა მიერ დაწერილ ტექსტს. ეს არ იყო ჩვეული სუფრა და ტექსტების კითხვა, ხელოვანები ითავისებდნენ სხვადასხვა როლს, ისხდნენ მაყურებელთა შორის და კითხვა-პასუხის რეჟიმში საუბრობდნენ მათთან. 

 
სალონი თბილისი ბერლინი გერმანელი მსახიობის მარაიკე ვენცელის პერფორმატიული პროექტი იყო, რომელიც თბილისელი და ბერლინელი ხელოვანი ქალბატონების თანამშრომლობით განხორციელდა. 
სალონი თბილისი ბერლინის წევრები არიან: ხათუნა ჩაფიჩაძე, მარიამ გაგოშაშვილი, ეკა ქეცბაია, ნინო ხარჩილავა, თამთა მელაშვილი, თამუნა ქებურია, ნატუკა ვაწაძე თბილისში და კატია ჰერმანი, შტეფანი დე ველასკო, მარიანე მიულიხენი, ფრედერიკე შტაინერტი, ევა შუმახერი, ანია ვენცელი და მარაიკე ვენცელი ბერლინიდან. 
თარგმანი: თინა გურჩიანის
 
სალონი თბილისი ბერლინი მხარდამჭერები:
გეოეარი
ქალთა ფონდი საქართველოში
ევროპული კულტურის ფონდი
ფონდი ღია საზოგადოება