Sunday, June 2, 2013
სონა აბგარიანი დაიბადა 1979 წელს, ბერდში (სომხეთი). მისი ნამუშევარი პირველად 1998 წელს დილიჟანში, მხატვართა კურორტზე გამართულ ხელოვანთა კონგრესზე გამოიფინა. ეს იყო ინსტალაცია, შესაძლოა პერფორმანსიც. მან ხეზე ჩამოკიდა კონვერტები, რომლებშიც განთავსებული იყო მესიჯი: „უშველე საკუთარ თავს“. ამას მოჰყვა მისი სხვა გამოფენა - „სხეულისა და სულის სიგიჟეები“. 2001 წელს, რამდენიმე გოგონასთან ერთად, სონამ ჩამოაყალიბა როკ ჯგუფი და იყო ყველა სიმღერის ტექსტებისა და ჯგუფის დასახელების ავტორი. თუმცა, 2 წელიწადში ჯგუფი დაიშალა. სომხეთის რეალობაში გოგონათა ჯგუფი ექსტრაორდინალურ ფენომენს წარმოადგენდა და აღშფოთებას იწვევდა. იგივე გუნდთან ერთად მან დაიწყო სატელევიზიო გადაცემა Underground, თუმცა ამ პროექტის არსებობაც ხანმოკლე აღმოჩნდა. ის გადაიცა მხოლოდ ორჯერ და შემდეგ გაუქმდა, რამდენადაც კომერციულად მომგებიანი არ იყო. გადაცემა შეეხებოდა გოგონათა ჯგუფს, რომელიც უარყოფდა რეალობას და სურდა მიწისქვეშ ცხოვრება. ეს შოუ ნაჩვენები იქნა 2001 წელს ვენაში, საზაფხულო ხელოვნების ფესტივალზე The world is you.
 
2007 წელს მან დაიწყო სკოლაში მუშაობა, სადაც უძღვებოდა ფილმისა და ფოტოგრაფიის დეპარტამენს. 2009 წელს, ხელოვანთა ჯგუფთან ერთად, სონამ დაიწყო ყოველწლიური ალტერნატიული მედიის ფესტივალი Rusty Pumpkin. ამ ინიციატივის იდეა წარმოადგენდა ახალი, ალტერნატიული პლატფორმის დაწყებას, სადაც სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანებს შეეძლებოდათ ფილმებისა და ვიდეოების მიწოდება, რომლებიც შეზღუდული არ იქნებოდა ნარატიული, ფორმის, სიგრძისა და პროფესიული ასპექტებით. 2012 წლიდან სონა მუშაობს ერევანში თანამედროვე ექსპერიმენტული ხელოვნების ცენტრში და ხელმძღვანელობს ხელოვნების დეპარტამენტს. გამოფენაში Crisis მან წარადგინა მისი ბოლო დროის ვიდეო About, და პროექტი The Anthem of the Crisis, რომელიც სვეტლანა ანტონიანის ფოტო ისტორიას აჩვენებდა.  
 
„ჩემი ნამუშევრების თემა ყოველთვის განსხვავდებოდა სახელოვნებო ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე, თუმცა, ერთი ელემენტი ყოველთვის დომინირებდა ჩემს საქმიანობაში - თამაშის ელემენტი. ჩემთვის ხელოვნება თამაშია, რომელსაც ზოგჯერ არ აქვს ბედნიერი დასასრული. ამჟამად, ეს ჩემთვის ზღაპარივითაა, რომელსაც ფსიქოლოგიური, სოციალური და პოლიტიკური ნარატივები გააჩნია“.
 
თბილისში, გალერეაში „ნექტარი" მან წარადგინა იმ ხელოვანთა რამდენიმე ვიდეო ნამუშევარი, რომელთაც აქვთ სხვადასხვა პროფესიები და წარსულში შეხება არ ჰქონიათ ხელოვნებასთან. ასევე, მან წარადგინა ახალგაზრდა ხელოვანთა ნამუშევრები და განიხილა პოლიტიკური სიტუაციის ზეგავლენა თანამედროვე ხელოვნებაზე.
 
რეზიდენციას ფინანსურად მხარს უჭერდა ღია საზოგადოების ინსტიტუტის, ხელოვნებისა და კულტურის ქსელური პროგრამა.