Tuesday, September 2, 2014

რა ემართება ჩვენს კულინარიულ ჩვევებს, როდესაც სხვა ქვეყანაში გადავდივართ საცხოვრებლად? რა არის „ეროვნული საკვები?“ როდესაც საზღვარგარეთ ვცხოვრობთ, საკვების გემო უფრო მეტად გვენტარება თუ უბრალოდ იმ კერძების მომზადება, რასაც მიჩვეულნი ვართ? - მიგრაცია და საკვები, 2014 წელს გეოეარის ერთ-ერთ მთავარ სამუშაო თემას წამორადგენდა. შესაბამისად, ეს ის შეკითხვებია, რაც ნინი ფალავანდიშვილმა და დათა ჭიღოლაშვილმა დასვეს ბიალისტოკში, გალერეა არსენალში გამართულ გამოფენაზე „წართმევა“ (კურატორი მონიკა შევჩიკი).

გამოფენის მონაწილეებს ვთხოვეთ თავთავიანთი ქვეყნებიდან ჩამოეტანათ ის საკვები და პროდუქტები, რაც ენატრებათ სხვა ქვეყანაში ყოფნის დროს. შედეგად მივიღეთ შემდეგი პროდუქტები: ბოსტნეულის მწნილი თუ შოკოლადი სხვადასხვა ქვეყნიდან; შავი ხიზილალა (შემცვლელი), რაც საბჭოთა დროს შედარებით იაფი იყო, დღეს კი საკმაოდ ძვირია; სხვადასხვა სახის ყველი - ზოგი წარმოშობის ქვეყანასთან ასოცირებული და ზოგიც წარმოების ქვეყანაში გარკვეული იდენტობის მაჩვენებელი; ხილი საკუთარი ბაღიდან თუ პური საკუთარი ქვეყნიდან; ნამცხვარი მიგრანტის ახალი საცხოვრებელი ქვეყნიდან თუ შედედებული რძე პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან; საკამათო ტოლმა თუ სხვადასხვა სუნელები; წიწიბურა თუ მზესუმზირა, რაც ენატრებათ ხოლმე ხალხს მონაწილე ქვეყნებიდან და ა.შ.

მოკლე ისტორიების თანხლებით, ეს პროდუქტები გამოფენის პირველი ორი დღის მანძილზე იყო წარმოდგენილი. მოგვიანებით კი გაიმართა „საერთაშორისო საკვების საღამო“. საერთაშორისო შეკრებებზე ხშირად იმართება ხოლმე სპეციალური ღონისძიებები, სადაც შერჩეული ერი „მასპინძლის“ როლში წარმოგვიდგენს ეროვნულ კულინარიასა და ტრადიციებს. თუმცა, ამ შემთხვევაში არცერთი კონკრეტული „ეროვნული/ნაციონალური“ კერძი არ მომზადებულა. ნინიმ და დათამ რამდენიმე ქვეყნიდან ჩამოტანილი ინგრედიენტების შეერთებით მოამზადეს კერძები და ასევე, განათავსეს სხვა ინგრედიენტები იმისათვის, რომ გალერეის სტუმრებს შეერიათ ახალი კერძების შესაქმნელად. არსებობდა ერთი წესი - მხოლოდ ერთი ქვეყნიდან ჩამოტანილი ინგრედიენტის ჭამა არ შეიძლებოდა. შერეული „ეროვნული“ საკვების დაგემოვნების პარალელურად, ვფიქრობდით საკვებთან, სამშობლოსთან, მიგრაციასთან და ნაციონალიზმთან დაკავშირებულ საკითხებზე.

„წართმევა“ იყო გალერეა არსენალის (ბიალისტოკი, პოლონეთი) გამოფენა, რომელიც გაიმართა „The Rise of Eastern Culture / Another Dimension 2014” ფესტივალის ფარგლებში. გამოფენა შეეხებოდა მიგრაციას და მასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიურ და ფსიქოლოგიურ ასპექტებს.

გამოფენის შესახებ მეტ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე:

https://www.facebook.com/GaleriaArsenal