Thursday, July 14, 2016

გახსნა 20.07.2016 _ 18:00
20-30.07.2016 - 12:00-18:00
თბილისის ჭადრაკის სასახლე და ალპური კლუბი ვერის ბაღში (კოსტავას ქ. 37)

თბილისის ჭადრაკის სასახლე და ალპური კლუბი 1973 წელს კიროვის (დღევანდელი ვერის) პარკში გაიხსნა. ის გვიანი საბჭოთა მოდერნიზმის ერთ-ერთი უნიკალური მაგალითია. მოდერნიზმის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი საჯარო გამოყენების სივრცეები იყო. ზუსტად და მკაფიოდ გააზრებული შენობების სოციალური დანიშნულება გამორიცხავდა ავტონომიურ მფლობელებს. ამ შენობის შემთხვევაში და ზოგადად, დღევანდელი ვითარება აბსოლუტურად საწინააღმდეგო სურათის ამსახველია. ყველგან და ყველაფერში ვლინდება ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებული სივრცეები.

პროექტი „8x8. განუხორციელებელი მომავალი“ არ არის მხოლოდ თბილისის ჭადრაკის სასახლესა და ალპურ კლუბზე ან მის გამორჩეულ არქიტექტურაზე, იგი არც მხოლოდ ჭადრაკსა და საქართველოში მის ისტორიაზეა. ეს პროექტი არის მცდელობა, რომ ამ ერთ არქიტექტურულ ნაგებობაზე და მის შემოგარენზე დაკვირვებით გავიაზროთ ის სისტემური მექანიზმები, რომლებიც საქართველოს შეეხო საბჭოთა კავშირის პერიოდში, თუ მისი დაშლის შემდეგ. ასევე პროექტით გვსურს ვაჩვენოთ ის პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური გავლენა, რაც მათ დროთა განმავლობაში იქონიეს. ეს სისტემური მექანიზმები ზუსტად ასევე განაპირობებენ ხელოვნების არსებობას. ამიტომ პროექტი წარმოადგენს იმ ვითარებებზე დაკვირვებასა და ანალიზს, რომლებშიც დღეს თანამედროვე ხელოვნებას უწევს არსებობა. მითუმეტეს ისეთ ხელოვნებას, რომელიც რეაგირებას ახდენს მის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე და პროცესებზე, სოციალურად და პოლიტიკურად აქტიური და ჩართულია. თუმცა, ხელოვნება ყოველთვის ზუსტად არ ასახავს რეალობას. ხელოვნებას შესწევს უნარი გა(და)იაზროს და ალეგორიულად, სიმბოლურად მოახდინოს ამათუიმ მოვლენის ან თემის ინტერპრეტაცია. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ გახდა თბილისის ჭადრაკის სასახლე ჩვენი სახელოვნებო კვლევის და პროექტის თემა.

ეს შენობა წარმოადგენს როგორც საბჭოთა მოდერნიზმის არქიტექტურული პრინციპების, ასევე, 90-იანი წლებიდან დღემდე მიმდინარე სოციო-ეკონომიკური პროცესების ამსახველ მაგალითს. ერთის მხრივ, ზუსტად გააზრებული შენობის დანიშნულება, მასალის რაციონალური გამოყენება და ღიაობა ღირსეულად, თუმცა დაუფასებლად, მიაკუთვნებს მას ამ პერიოდის არქიტექტურის ღირსშესანიშნაობებს. მისი შემდგომი გადაკეთება მესაკუთრეთა თუ მოიჯარეთა დროებით მოთხოვნებზე, სურვილსა და გემოვნებაზე მორგება კი აბსოლუტურად ეწინააღმდება თავდაპირველ ჰოლისტურ იდეას და ასახავს იმ იმპულსურობას და ქაოსს, რომელიც ასეთი სახასიათოა ბოლო სამი ათწლეულის ბევრი ქვეყნის ყოველდღიურობისათვის. ასევე, საინტერესოა, რომ როგორც არქიტექტურა, ისევე ჭადრაკი და ალპინიზმი ხასიათდება შორსჭვრეტით, სტრატეგიული აზროვნებით, მომავალში ხედვით, რაც აშკარად არ გამოიხატება შენობის დღევანდელ იერსახეში და მისი მფლობელების თუ მობინადრეთა მიდგომაში. ეს კი ზუსტად მახასიათებელია ჩვენი დღევანდელი საზოგადოებისათვის, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ  - „დღეს და ჩემთვის“.

პროექტი ეყრდნობა საჯარო თუ პირად არქივებში მოძიებულ წერილობით თუ ვიზუალურ დოკუმენტებს და ფაქტებს, ასევე, იმ ადამიანთა ზეპირ მონათხრობებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან შენობასთან ანდა თემასთან. გამოფენა თავს უყრის როგორც ისტორიულ მასალას, ასევე, პროექტის ავტორის და მონაწილე ხელოვანების ინტერპრეტაციით შექმნილ ნამუშევრებს. 

კურატორი: ნინი ფალავანდიშვილი ლენა პრენცთან თანამშრომლობით

მონაწილეები:
დევიდ ბერჟე და ნადია წულუკიძე, ათუ გელოვანი, ნუცა ესებუა, ლადო ლომიტაშვილი, პარან პური, იზა ტარასევიჩი, ლაშა ყაბანაშვილი, იპ კაი ჩუნი, დათა ჭიღოლაშვილი

დამატებითი ღონისძიებების პროგრამა:
დევიდ ბერჟე - სეირნობა თბილისში, გიდი ნადია წულუკიძე, 100 წუთი, სიჩუმეში
მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, ჩაეწეროთ გამოფენაზე შემოთავაზებულ სიებში, ან გეოეარის „ფეისბუქ“ გვერდზე განთავსებულ ფორმებში.
ყოველდღე - 10:00

იპ კაი ჩუნი - ჭადრაკის სასახლის ჭადრაკი, ინსტალაცია, თამაში
პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვინც იცის ჭადრაკის თამაში თუნდაც სამოყვარულო დონეზე.
24,30.07.2016 - 13:00, ვერის ბაღი

დათა ჭიღოლაშვილი - დაბნეული ტური თბილისის ჭადრაკის სასახლესა და ალპურ კლუბში
მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, ჩაეწეროთ გამოფენაზე შემოთავაზებულ სიებში, ან გეოეარის „ფეისბუქ“ გვერდზე განთავსებულ ფორმებში.
ქართულ ენაზე - 21,24.07.2016 / 16:00
ინგლისურ ენაზე - 23,27.07.2016 / 16:00

მხატვრული და დოკუმენტური ფილმების პროგრამა
- ჭადრაკი და ისტორია

წერილი შვილებს, ლანა ღოღობერიძე. დოკუმენტური ფილმი, 1981,  50 წთ.
ფანარი ქარში, ნოდარ ომიაძე. მხატვრული ფილმი, 1987, 56 წთ.
ქართული გამბიტი, ნიკოლოზ წულაძე, 1992, 30 წთ.

- ჭადრაკი და იდეოლოგია

საჭადრაკო ციებ-ცხელება, ვსევოლოდ პუდოვკინი. მუნჯი ფილმი, 1925, 28 წთ.
სახიფათო მოძრაობები, რიჩარდ დემბო. მხატვრული ფილმი, 1984, 110 წთ.
პაიკის გაწირვა, ედვარდ ცვიკი. მხატვრული ფილმი, 2014, 115 წთ.

- ჭადრაკი და ქალები

იარე დედოფლით, კაროლინ ბოტარო. მხატვრული ფილმი, 2011, 97 წთ.
შესვენება, ბაადურ წულაძე. მხატვრული ფილმი, 1978, 20 წთ.

22,23,29.07.2016 - 18:00

თბილისის ჭადრაკის სასახლე, დიდი დარბაზი

განსაკუთრებული მადლობა
საარქივო მასალისათვის:
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, ქართული სპორტის მუზეუმი
 
პირადი არქივებისთვის:
ელგუჯა ბერიშვილი, დავით გურგენიძე, ლანა ღოღობერიძე, გერმანე ღუდუშაური, ოლეგ ქოჩაკიძე და ალექსანდრე სლოვინსკი

და მხარდაჭერისთვის:
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას, საქართველოს ალპურ კლუბს, თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიას, ნანა ალექსანდრიას, მარიკა დიდებულიძეს, ნონა გაფრინდაშვილს, დავით გურგენიძეს, მარინა მილორავას, თათია სხირტლაძეს, ევროპის სახლს, Photographic Expanded და VGC

 
პროექტში ასევე გამოყენებულია საქართველოს ეროვნული არქივის მასალა.