Thursday, June 12, 2014

დონიკა ჩინა ახალგაზრდა ალბანელი ხელოვანია, რომელიც ტირანასა (ალბანეთი) და კლუჟ-ნაპოკაში (რუმინეთი) ცხოვრობს. ის ძირითადათ მუშაობს ვიდეოს, ვიდეო ინსტალაციისა და მოკლე ფილმების საშუალებით. მას დამთავრებული აქვს ტირანას სამხატვრო აკადემიის მულტიმედია ხელოვნების ფაკულტეტი. ამჟამად სწავლობს ფოტოგრაფიასა და ვიდეო ხელოვნებას კლუჟ-ნაპოკას ხელოვნებისა და დიზაინის უნივერსიტეტში. დონიკა ჩინას მიღებული აქვს მონაწილეობა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ გამოფენებსა და პროექტებში.

ხელოვანის ინტერესთა სფეროებს განეკუთვნება შემეცნების პროცესი, ადამიანების მიერ სამყაროს აღქმა და პირადი და კოლექტიური გამოცდილების საფუძველზე სხვადასხვა ფენომენთან შეხვედრის ანალიზი. ხელოვანის შემოქმედების ძირითადი ობიექტი არის თვითონ ის, მისი ისტორია და ის ამბები, რომლებიც მის გარშემო ხდება. ის ცდილობს ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა თვალსაზრისი, გაანალიზოს მომხდარი და ის, რაც ახლა ხდება; გამოიკვლიოს ფიზიკური და ემოციური ასპექტები, რომლებიც უნივერსალურ კითხვებსა და თემებში ჩაღრმავებისათვის საწყის წერტილს წარმოადგენს. დონიკას აინტერესებს სოციალური სტატუსის თემა და საზოგადოების მხრიდან მისი, როგორც ადამიანის აღქმა და განსჯა. ის ცდილობს ინტერიერსა და ექსტერიერს შორის დაპირისპირების შექმნასა და მათ მრავალფეროვან წარმოჩენას; შესაძლებლობების შექმნას სხვადასხვა ფენომენის მიუკერძოებელი შეფასებისათვის; ჩვენს პირად და კოლექტიურ განსჯასთან დაკავშირებული კითხვების დასმას. დონიკასთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავად პროცესი, რომელსაც ის სხვადასხვა მოვლენის დაწყებისა და განვითარების სფეროდ განიხილავს.

თბილისში დონიკა ჩინა მუშაობდა ხელოვან კატარინა შტადლერთან ერთად.

დონიკა ჩინას რეზიდენცია იყო გეოეარსა და T.I.C.A-ს (ალბანეთი) შორის გაცვლითი პროგრამის ნაწილი. იგი მოწვეულ იქნა პროექტში „აღმოაჩინე ელიავა“ მონაწილეობის მისაღებად.
პროექტი განხორციელდა GALA (Green Art Lab Alliance) ფარგლებში, ევროკავშირის კულტურის პროგრამის მხარდაჭერით.