Monday, January 25, 2016
რამდენადაც იზა ტარასევიჩის სახელოვნებო პრაქტიკა ეთმობა მობილურობის, მოქნილობის და სისტემების რეორგანიზების კვლევას, ჩვენ ის პროექტის თბილისის ჭადრაკის სასახლე“ ერთ-ერთ მონაწილედ მოვიწვიეთ. სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი მისი ნამუშევრის ამოსავალი წერტილი მხედარის ფიგურის იზოლირებული მოძრაობის ამსახველი დიაგრამა გახდა. მხედარი ყველაზე ძველი და უცვლელი ფიგურაა ჭადრაკის კომპოზიციაში. დიაგრამა ასახავს მხედრის სვლის ტაქტიკური შესაძლებლობების ქორეოგრაფიას. ერთი ფიგურის იზოლაცია ასოცირდება, ზოგადად, ინდივიდის შინაგან ბრძოლასთან და მოთამაშესთან, რომელიც თამაშის/ბრძოლის დროს იზოლირებულია გარე სამყაროსგან. მაშინ როდესაც ბრძოლის ველი განსაზღვრულია დაფის რეგულირებული 2 განზომილებიანი ველით, ტაქტიკური შესაძლებლობების უმეტესი გამოსახულება ვითარდება მოთამაშის წარმოდგენაში. ინსტალაცია წარმოადგენს მცდელობას, ორგანზომილებიანი მოძრაობა გარდაიქმნეს 3-განზომილებიან ობიექტში და იგი წარმოვიდგინოთ სივრცეში. პერფორმატიულობა და ქორეოგრაფია ამ ნამუშევარში წინა პლანზეა წამოწეული. 
 
იზა ტარასევიჩი დაიბადა 1981 წელს და ბიალისტოკთან (პოლონეთი) ახლოს პატარა სოფელში გაიზარდა. ის ცხოვრობს და მუშაობს ბიალისტოკსა და მიუნხენში. 2008 წელს დაამთავრა ნატიფი ხელოვნების აკადემია პოზნანში(პოლონეთი). ტარასევიჩი არის ვარშავაში ზახეტას ეროვნული გალერეის ჯილდოს, “Views 2015 — Deutsche Bank Award” გამარჯვებული. 2016 წლის შემოდგომაზე ის მონაწილეობას მიიღებს სან-პაულუს 32-ე ბიენალეში. მისი ბოლო დროის პერსონალურ გამოფენებს შორის არის “Loop de Loop,” Bikini, ლიონი; “Sorry for All The Ups and Downs,” Syntax Project, ლისაბონი; “The Means, the Milieu” და “Fungal Follies,” Objectif Exhibitions, ანტვერპი; “Collaborating Objects Radiating Environments,” Kunstlerhaus Bethanien, ბერლინი; და “Clinamen,” Krolikarnia X. დუნიკოვსკის ქანდაკების მუზეუმი, ეროვნული მუზეუმი, ვარშავა. ჯგუფურ გამოფენებს შორის არის “The School of Kyiv. Karlsruhe Class. Lecturer: Alexandra Exter,” Badischer Kunstverein, კარლსრუე; “Dust,” CCA Zamek Ujazdowkski, ვარშავა; “Procedures for the Head. Polish Art Today,” Kunsthalle Bratislava, ბრატისლავა და “As You Can See,” Museum of Modern Art, ვარშავა.
 
იზა ტარასევიჩის სკულპტურული ნამუშევრები შეიძლება განვიხილოთ, როგორც დროებითი მილსადენები სუბსტანციების, ენერგიების, ადგილმდებარეობების, დროებითობის და კონცეფციების შესახვედრად. ამას ხელოვანი განიხილავს მატერიალური და სიმბოლური ურთიერთქმედებების სერიების ერთადერთ შესაძლებლობად. მის მიერ მატერიათა მგრძნობიარე შესწავლა და ტრანსფორმაცია, ხშირად მჟღავნდება ობიექტებში, გრაფიკებში, ნახაზებში, ხმოვან თუ ვიდეო ნამუშევრებსა და აქციებში. ხშირად, ჰილოძოიზმის ფილოსოფიური მოძღვრების შესაბამისად (რომლის თანახმად, მთელი სამყარო არის ცოცხალი, სულიერი), იზა ტარასევიჩის ნამუშევრებში ყოველი ობიექტი ან ინსტალაცია საფუძვლად ედება მატერიალური გარსის აფექტური ბუნების კვლევას. ამით ის მაყურებელს იწვევს რათა განიხილოს როგორც ყოველი ნივთის არსებითი ენერგეტიკული კავშირი, ასევე, ქაოსის და წესრიგის რთული ურთიერთმიმართება. მისი სახელოვნებო პრაქტიკა აცალკევებს, აერთებს, დეკონსტრუქციას უკეთებს და გადაამისამართებს მატერიებს იმ მიზნით, რომ აღმოაჩინოს დამალული ასპექტები და ურთიერთკავშირები. ამავდროულად, ის ამით ერთგვარად აღნიშნავს მსგავსი ნიშანთვისებების რაციონალური, ჰუმანისტური გაგების უკმარისობას.
 
პროექტის „თბილისის ჭადრაკის სასახლე" ფარგლებში იზა ტარასევიჩმა შექმნა ნამუშევარი მხედარის მოგზაურობა. ნამუშევრის ამოსავალი წერტილი მხედარის ფიგურის იზოლირებული მოძრაობის ამსახველი დიაგრამა გახდა. ეს არის მცდელობა ორგანზომილებიანი მოძრაობა გარდაიქმნეს 3-განზომილებიან ობიექტში და იგი წარმოვიდგინოთ სივრცეში.
 
იზა ტარასევიჩის რეზიდენცია გეოეარში ხორციელდება პროექტის BLUE BOX. „Common places” in contemporary artistic practices ფარგლებში, ინიცირებული A-I-R Laboratory თანამედროვე ხელოვნების ცენტრი უიაზდოვსკის სასახლის მიერ Re-Directing: East პროგრამის ქვეშ.
პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს მიერ.
 
ფოტო: სერა ძნელაძე