Monday, October 12, 2009
საზღვარი_თავი I
გახსნა-პრეზენტაცია, კავკასიური სახლი
 
80-იანი წლებიდან საქართველოში ღიად დაიწყო ერთი ცნობიერების რღვევა და მისი, სულ სხვა, ახალი, ჯერ კიდევ გაუცნობიერებელი კაპიტალიზმით ჩანაცვლება। სულ მალე ქვეყნის ერთიანობისთვის დაიწყო ომი, სადაც ჯერ მოგებული, არავინ დარჩენილა, მაგრამ ომი აქტიურდება და დასასრული არ ჩანს.
კავკასიაში, რომელიც გზაჯვარედინია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ხშირად ჩნდება განცდა იმისა, რომ ჩვენი რეგიონი არა იმდენად გამტარია, რამდენადაც საზღვარი განსხვავებულ და პერიოდულად დაპირისპირებულ ცივილიზაციებს შორის.
საზღვრის თემაზე გამოფენის ორგანიზების სურვილი ორი წლის წინ გაუჩნდა და სოფო კილასონიამ მისი ორგანიზება ლევან მინდიაშვილთან ერთად ჯერ კიდევ 2008 წლის დასაწყისში დაიწყეს. მონაწილეობდა დაახლოებით 20 ქართველი და უცხოელი ახალგაზრდა მხატვარი. თითქმის ყველაფერი მზად იყო, როცა რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო. რეალურმა ბრძოლამ და საზღვრების და მიწის დასაცავად მორიგმა დაღვრილმა სისხლმა გააფერმკრთალა პროექტი და ნამუშევრები. შეიცვალა დამოკიდებულება, ძალიან ბევრი რამ პროექტიდან ეფემერულად იქცა. უმეტესი ნამუშევრები – თითქოს არაადეკვატურად, საზღვრის თემა კი მეტისმეტად დამიწდა და დაკონკრეტდა. ასეთ დროს ხომ ძალიან იოლია ხელოვნება იქცეს დოკუმენტურ პროზად. პროექტი „საზღვარი“ მაინც გრძელდება. 2009 წელს შექმნილი რამდენიმე ნამუშევრის პრეზენტაცია „არტისტერიუმის“ პარალელურად შედგება. Border _ chapter I არის პროექტის პირველი ნაწილი, რომელიც ქართველი და არგენტინელი მხატვრების კოლაბორაციას წარმოადგენს.