Wednesday, June 6, 2012

სახელოვნებო პროექტი: Very/Con/Temporary

გეოეარისა და გოეთეს ინსტიტუტის თანამშრომლობითი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდა ხელოვანებს, რომლებმაც სულ რაღაც ერთი-ორი წლის წინ დაამთავრეს სწავლა სახელოვნებო სკოლებში ან ამთავრებენ უახლოეს მომავალში და არ არიან დამკვიდრებულები სახელოვნებო ბაზარზე, მიეცათ საშუალება 2-3 თვის განმავლობაში გოეთეს ინსტიტუტის სივრცე გამოეყენებინათ სამუშაო, სახელოსნო პლატფორმად. გოეთეს ინსტიტუტი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციის კუთხით, ხელოვანებს სთავაზობდა ინსტიტუტის სივრცე გამოეყენებინათ საექსპერიმენტო გარემოდ. მათ მიეცათ აბსოლუტური თავისუფლება თემის, მედიუმის არჩევანში, ერთადერთი პირობით, რომ ხელოვანების მუშაობა არ შეუშლიდა ხელს ინსტიტუტის ყოველდღიურ მუშაობას.

თავის მხრივ გეოეარისთვის, რომლის ერთ-ერთ მთავარ ინტერესის სფეროს არასახელოვნებო სივრცეების თანამედროვე ხელოვნების კუთხით დატვირთვა წარმოადგენს, საინტერესო იყო ახალი სივრცის სახელოვნებო პლატფორმად გააზრება. გოეთეს ინსტიტუტი არის კერძო სივრცე, რომელიც არის გერმანიის სახელმწიფო საკუთრებაში, მაგრამ ამავდროულად გახსნილია საზოგადოებისთვის. ინსტიტუტს გააჩნია საჯარო მოხმარებისთვის გამიზნული ინფრასტრუქტურა სადაც იმართება ენის კურსები, გამოფენები, მუშაობს ბიბლიოთეკა, კაფე. ამ მხრივ საინტერესოა საზღვარი საჯარო და კერძო სივრცეს შორის, მენეჯმენტის და საგანმანათლებლო სართულებს შორის, რომელთაც ნაკლები შეხება აქვთ ერთმანეთთან, მაგრამ ამავდროულად მჭიდრო კავშირში არიან ერთმანეთთან დერეფნებით, ეზოთი, ბიბლიოთეკით. ამ ელემენტებს დაემატება კიდევ ერთი მაკავშირებელი, თანამედროვე ხელოვნება და ხელოვანები, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში იმუშავებდნენ ადგილზე, შექმნიდნენ ადგილის პეციფიკურ ნამუშევრებს. ამ პროცესის განმავლობაში ინსტიტუტის თანამშრომლები, მოსწავლეები, სტუმრები გახდებოდნენ პროცესის თანამონაწილეები. დაგეგმილი იყო წელიწადში ოთხჯერ ნამუშევრების ჩვენების მოწყობა, რომელსაც მოჰყვებოდა საუბარი ხელოვანსა და კურატორს შორის, რომლის დროსაც ფართო საზოგადოებას მიეცემოდა საშუალება უფრო მეტი ინფორმაცია მიეღო ხელოვანის, მისი შემოქმედების და კონკრეტულად გოეთს ინსტიტუტში შექმნილი ნამუშევრის შესახებ. ამ სახით ჩვენი სურვილი იყო თანამედროვე ხელოვნება გაგვეცნო უფრო ფართო საზოგადოებისთვის, რომელიც არ არის შეჩვეული მასთან შეხებას არასახელოვნებო ისნტიტუტების გარეთ.

პროექტის სახელწოდება ნასესხებია ჰოლანდიელი ხელოვანის როშელ ჰეიმანის, 2007 წელს ლადო დარახველიძესთან და გიორგი ტაბატაძესთან ერთად გოეთეს ინსტიტუტში შესრულებული პროექტის სათაურიდან: 'The Very Temporary Contemporary Museum.' 5 წლის წინაც როშელ ჰეიმენი თავის პროექტში აქცენტს აკეთებდა თანმედროვე ხელოვნებისთვის საგამოფენო და ხელოვანებისთვის საექსპერიმენტო სივრცის არარსებობის პრობლემატიკაზე.
დღესაც, მიუხედავად მრავალი პოზიტიური ცვლილებისა, საქართველოს სახელოვნებო გარემოში, ახალგაზრდებისთვის საექსპერიმენტო პლატფორმის არარსებობა აქტუალურ საკითხად რჩება. ჩვენი სურვილია, ამ მხრივ ხელი შევუწყოთ ახალგაზრდა თაობის შემოქმედებით განვითარებას და საფუძველი დავუდოთ მათთვის საექპერიმენტო პლატფორმის შექმნას.

ნატალია ნებიერიძე - UNDOCUT

21.06.12-31.07.12

კურატორი ნინი ფალავანდიშვილი (GeoAIR)

ქალაქი :  სხეული

შენობა : ორგანო

ორგანო : სისხლძარღვები
ორგანო : კარი
კარი : სისხლძარღვები
სისხლძარღვები : ქსელი

ნატალია ნებიერიძე, დაიბადა 1987 წელს ქ. თბილისში. სკოლის დამთავრების შემდეგ ორი წელი სწავლობდა ი. ნიკოლაძის სამხატვრო კოლეჯში. 2005-2009 წლებში იყო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი, 2011 წლიდან სწავლობს არქიტექტურის ფაკულტეტზე, მუშაობს ძირითადად ინსტალაციის და პერფორმანსის განხრით.
2007 წელს ნატალია ნებიერიძე მონაწილეობდა პროექტში “Grand Openings”  და სტუდენტურ გამოფენაში  „Untitled“.  2007–2008  წლებში ხუთმა სტუდენტმა მოწვეულ პედაგოგთან ერთად ჩამოაყალიბა „ვიზუალური ხელოვნების სახელოსნო“.  სახელოსნოს მუშაობის განმავლობაში შედგა რამოდენიმე გამოფენა, მათ შორის „ პერფორმანსი, ღია გაკვეთილი“, სადიპლომო გამოფენა „აბარტი“. 2009 წელს მონაწილეობდა მოსკოვის ბიენალის ფარგლებში გამართულ ახალგაზრდა მხატვართა საერთაშორისო გამოფენაში  „ ЛИЧИНКИ БУДУЩЕГО“.  2010 წელს გამოფენაზე „შორის“, 2011 წელს პროექტში – “Memory”,  2012 წლის იანვარში, გუდიაშვილის მოედანზე გამართულ აქციაზე პერფორმანსი “Act and Deed”, პროექტის "undergo. the parallels" ფარგლებში "წითელი", ოპერის წინ მიწისქვეშა გადასასვლელი, თბილისი.  

--

ნუცა ყანადაშვილი / ხელოვნური ძილი 

29.03.12-10.06.12

კურატორი ნინი ფალავანდიშვილი (GeoAIR)

ძილი არის ადამიანის ფიზიოლოგიური მდგომარეობა, მაგრამ არსებობს ჯანსაღი და არაჯანსაღი ძილის ფორმები, რაც ხშირ შემთხვევაში გამოიხატება პათოლოგიური მდგომარეობით. ამ ადამიანებს სძინავთ ხელოვნური ძილით, ერთი ხელოვნური საბნის ქვეშ და ესიზმრებათ ერთი არაჯანსაღი სიზმარი. მათი მდგომარეობა თავისთავად პათოლოგიურია და გამოიხატება მათ დამოკიდებულებაში გარემოსადმი, მოვლენებისადმი და ზოგადად სამყაროსადმი. ეს არის ერთგვარი საღათას ძილის მდგომარეობა, როდესაც გონება და სხეული არის ინდიფერენტული, აპათიური, ურეაგირო ყველაფერი იმის მიმართ, რაც გარშემო ხდება. ამ ადამიანებს დაკარგული აქვთ ინდივიდუალურობა, ისინი ქცეულნი არიან ერთ უსახურ მთლიანობად, რომელსაც აღარ გააჩნია პიროვნული თვისებები, რაც ადამიანებს გამოარჩევს ერთმანეთისგან. მათ სძინავთ ერთი დიდი საბნის ქვეშ, რომლის თეთრი ფერი მინიშნებაა არა სიწმინდისა და სისუფთავის მიმართ, რის სიმბოლოდაც ეს ფერი ზოგადად აღიქმება, არამედ სიცარიელის, აპათიის და უფერულობის მიმართ. მათი სიზმარიც საერთოა და პათოლოგიური ისევე, როგორც მათი ძილი. ამ ადამიანებს დაკარგული აქვთ კავშირი არა მხოლოდ ერთმანეთთან და საზოგადოებასთან, არამედ სამყაროსთან. ცნობილია თეორიები, რომ ძილი და სიზმარი არის კავშირი გარე სამყაროსთან, აქ ეს კავშირი კი სრულიად გაწყვეტილია.

ნუცა ყანადაშვილი, დაბადებული 1989 წელს თბილისში, 2010 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების, ფერწერის ფაკულტეტის მე-2 კურსის მაგისტრატურის სტუდენტი. გია ბუღაძის სახელოსნო.